საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაწერე რაჭული ოდების ისტორია და გადაარჩინე განადგურებას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:43 - 07 ივლისი 2020 hits 20990

სოფელი კვირიკეწმინდა, ველევის თემი. გაუთიბავი ეზოდან ხის ოდა მოჩანს. ჭვირული აივნის თაღნარს მაქმანისებურად გასდევს ორნამენტები - ბორჯღალი, ვერძი, ვაზი, ზღაპრული ფრინველები - ისინი, ოდესღაც, პატრონის ყოველდღიურობასაც ალამაზებდნენ და მისი რწმენით, ბოროტისგანაც იცავდნენ. ახლა ამ ჭიისა და ქარისგან გამოხრულ, დაგმანულდარაბებიან საუკუნოვან სახლს თავად სჭირდება დაცვა და გადარჩენა.

ველევის თემის მსგავსად, ასეთ აივნიან ხის ოდებს, მრავლად შეხვდებით ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სხვა სოფლებშიც. დღეს, მათი უმეტესობა დაკეტილია და იქ აღარავინ ცხოვრობს. უგზოობის, უტრანსპორტობისა და კომუნიკაციის არ არსებობის გამო, სოფლები დაიცალა. საქართველოში, ბოლო ორ ათეულ წელში, მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 37 %, სწორედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია.

ოდა სახლების შესანარჩუნებლად, რაჭის სათემო ორგანიზაციამ, რომელიც ნახევარი წლის წინ დაარსდა, წამოიწყო კამპანია „დაწერე რაჭული ოდების ისტორია“. სათემოს წევრი ახალგაზრდები მოივლიან ონისა და ამბროლაურის ასამდე სოფელს, გადაიღებენ სახლებს, მოიძიებენ მათ ისტორიებს და შექმნიან ორენოვან ქართულ - ინგლისურ ჟურნალს, სადაც მოგროვებულ მასალას განათავსებენ.

ოდების გადარჩენის მცდელობის საქმეში, სათემო ორგანიზაციას მთელი ამ სამუშაოების შესასრულებლად, მხოლოდ 5000 ლარი სჭირდება. თანხის შესაგროვებლად განაცხადი შეიტანეს ფონდში, „ორბელიანი მეტი“. პირობის თანახმად, თუ შემოწირულება თანხის ნახევარს შეადგენს, ფონდი მას გააორმაგებს. ამ თანხით ისინი ფოტოგრაფის დაქირავებას და ელექტრონული ბაზის შექმნას შეძლებენ. ძირითად სამუშაოს კი სათემოს წევრები ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად შეასრულებენ, რადგან იციან, რა ისტორიას ინახავს რაჭული ოდა.

მეცხრამეტე საუკუნეში რაჭველებმა შესანიშნავად მოახერხეს ევროპეიზაციის ტალღას ტრადიციების დაკარგვის გარეშე აჰყოლოდნენ. თავი ანებეს ჯარგვალებში ცხოვრებას და ევროპული გემოვნებით ღია სივრცეებიანი, დიდღიობებიანი სახლები აიშენეს. რაჭველი ხითხუროები, გეგმარებისა და ხის მხატვრული დამუშავების მხრივ, ტრადიციებს მისდევდნენ. მხოლოდ რაჭულ ოდებს აქვთ დაშლა - აწყობის დახვეწილი ტექნიკა. დარაბების გახსნით ან ტიხრების გადაადგილებით, შესაძლებელია აივნებზე გამავალი ერთიანი გახსნილი სივრცის მიღება. აივნებს კი ჭვირული ორნამენტებით ამკობდნენ. რაჭველ ოსტატებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იწვევდნენ ხეზე სამუშაოდ და უცხოეთშიც ბევრს მოგზაურობდნენ.

ასეთი ისტორიის მიუხედავად, რაჭულ ხის ოდებს ვერ ნახავთ ტურისტულ მარშრუტებში. ტუროპერატორები სტუმრებს მხოლოდ საეკლესიო არქიტექტურას, ღვინის მარნებს და კურორტებს სთავაზობენ, ხეობებში საუკუნოვანი ოდებით გაშენებული სოფლები კი მნახველის გარეშეა დარჩენილი. მათ შესახებ ვერც ამბროლაურის ვიზიტორთა ცენტრში შეიტყობთ, არადა, ოდა რაჭისთვის ისეთივე სიმბოლოა, როგორც კოშკი სვანეთისთვის.  

სათემო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ოდა სახლების შთამბეჭდავი ფოტომასალა საინტერესო ისტორიებით, მათ პოპულარობას გაზრდის და მნახველს მიიზიდავს. ტურისტის ჩასვლა კი პატრონს ადგილზე დამაგრებისა და განვითარების სურვილს გაუჩენს. ეს ნაბიჯები, სათემოს ხედვით, ოდა სახლების ნგრევას და რაჭიდან მიგრაციას ცოტა მაინც შეაჩერებს.  

„საყოველთაო დაინტერესებას და დაბრუნებას არ ველოდებით, მაგრამ ბიძგის მიმცემი ნამდვილად იქნება.

თუ ერთი დამაგრდა ან მობრუნდა და ადგილზე შემოსავალი გაიჩინა, მეორესაც სტიმულს მისცემს. პერიოდულად სხვის მაგალითზე შეიძლება დაბრუნდნენ. ეს დროის ამბავია.

სამომავლოდ ყველა ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ადამიანებს აქ ცხოვრება მოუნდეთ, აქ გაჩერდნენ,“ - ამბობს გვანცა ჯანხოთელი, რაჭის სათემო ორგანიზაციის წევრი.

რაჭველებისთვის ერთი ასეთი მაგალითის მიმცემი სოფელ ჭყვიშში მცხოვრები მხატვარი კოტე ჯინჭარაძეა. ის თხუთმეტი წლის წინ დაბრუნდა რაჭაში, ძველი ოდა განაახლა და ხელოვანთა სასტუმრო „არტელი“ მოაწყო. დღეს, ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან მასთან და სახელოვნებო პროექტებზე მუშაობენ.

კოტე რაჭის სათემო ორგანიზაციას იდეას უწონებს და მხარს უჭერს:

„მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების წამოწყება, ხის ოდებს რომ აღრიცხავენ, რათა ასე უკვალოდ არ გაქრნენ ისინი და ფოტოზე მაინც იყოს აღბეჭდილი. თუკი შეიქმნება მარშრუტები და ოდები ტურისტული მიზნით დაიტვირთება, იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ბრენდი ამ სფეროში.

იმ სახლებში კი, სადაც ცხოვრობენ, საჭიროა არქიტექტურასთან ერთად, რაჭული ტრადიციული ყოფაც ანახონ ტურისტს და მასში მონაწილეობა მიაღებინონ“. 

სწორედ ამ მხრივ მუშაობას შეძლებენ სათემო ორგანიზაციის წევრები, თუ პროექტის „დაწერე რაჭული ოდების ისტორია“ მიზანი შესრულდება და საყოველთაო დაინტერესებას გამოიწვევს. ეთერ არსანიძე, პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ამბობს - „შემდეგ ეტაპზე მოვნახავთ ხის ხელოსნებს, რომლებიც ადგილზე შეასრულებენ თავიანთ საქმეს, ისე, როგორც ადრე ასრულებდნენ. აჩვენებენ როგორ მუშავდება ხე და კეთდება ორნამენტი. სახლის მეპატრონეებთან ერთად, გასტრონომიულ ტურებს დავგეგმავთ რაჭული სამზარეულოს მასტერკლასებით, სადაც მონაწილეობის საშუალება ტურისტებსაც ექნებათ და ამ მიმართულებითაც აღმოაჩენენ რაჭას.“

კოტე ჯინჭარაძეს სჯერა, რომ მიგრაციის საკითხში მხოლოდ სათემო ინიციატივა პრობლემას ვერ მოაგვარებს და აქ სახელმწიფოც აქტიურად უნდა ჩაერიოს, - „დაბრუნების მსურველი უნდა წახალისდეს, პირველ ხანებში მეურნეობის მოსაწყობად და სახლის აღსადგენად მაინც. დენი სჭირდება, წყალი, ინტერნეტი, რომ ტურისტს დაუკავშირდეს. ახალგაზრდა რომ ადგილზე დამაგრდეს, ტრადიციულთან ერთად, საჭიროა თანამედროვე საშუალებებიც, ინტერნეტი, სოციალური სივრცეები, კინოჩვენებები, რაც გაუხალისებს ყოველდღიურობას. ეს თუ არ იქნა, ძნელია ისე გაჩერება.“

სათემო ორგანიზაციის წევრები შექმნიან რუკებსაც, რომლებზეც აუცილებლად სანახავი ოდების კოორდინატებით თემატურ მარშრუტებს დაიტანენ. განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული ღირსების მქონე სახლებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეც თავად იზრუნებენ.

პროექტის დაწყებას ჩქარობენ, შიშობენ, რომ უპატრონოდ დარჩენილი ხის ოდებიც მალე შეიძლება ისევე გაქრნენ, როგორც ზემო რაჭაში, სვანურის მსგავსი დუროიანი ციხე-სახლები განადგურდა. უკანასკნელი დუროიანი სახლი ღებში რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ამ იშვიათი ნაგებობების ისტორია მხოლოდ გასული საუკუნის ფოტოებს შემორჩა. რაჭველ ახალგაზრდება სჯერათ, რომ დღეს ფოტოებს ისტორიის მოყოლაზე მეტი შეუძლიათ - მისი გადარჩენა.

ავტორი: ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში